თანაბარი მიდგომები თანაბარი შესაძლებლობებისათვის

ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი (ISNC) დევნილთა არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელ „სინერგიასთან“ ერთად ახორციელებდა ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტის დაგეგმარებისა და განხორციელების პროცესის მონიტორინგსა და დევნილი მოსახლეობის ინფორმირებას ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესახებ.
ქსელ “სინერგიის" აქტივობის ძირითადი მიზანი იყო ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებით გათვალისწინებულ ყველა პრიორიტეტსა თუ პროგრამაზე დევნილებისათვის ხელმისაწვდომობის გაზრდა, დევნილ და ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ თანაბარი მიდგომების დამკვიდრება. ასევე, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების სწორი დაგეგმარება და საერთო ბიუჯეტში ამ პროგრამებისათვის გამოყოფილი წილის გაზრდა, დევნილი მოსახლეობის ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის შემუშავების, დამტკიცების და განხორციელების პროცესში კანონით განსაზღვრული მექანიზმებითა და უფლებების გამოყენებით.
ზემოთაღნიშნული მიზნის მისაღწევად პირველ ეტაპზე დაიგეგმა საინფორმაციო შეხვედრები. ქსელის წევრებს და დევნილ აქტივისტებს ჩაუტარდათ ტრენინგები, სადაც ქსელის კონსულტანტმა საფინანსო და საბიუჯეტო საკითხებში დავით ჭურაძემ (საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის უფროსი) ქსელის წევრებს გააცნო ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის დაგეგმვისა და აღსრულების პროცედურები. ყურადღება გამახვილდა ბიუჯეტის მონიტორინგის მეთოდებზე, რომელიც ქსელის წარმომადგენლებს მისცემდა საბიუჯეტო პროცესზე დაკვირვების საშუალებას. შეხვედრაზე გამოიკვეთა რამდენიმე საადვოკატო თემა, რომელიც უნდა გადაწყვეტილიყო ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე. საკითხები შეეხებოდა საბიუჯეტო პროცესს, იგპ–თა სოციალურ–ეკონომიკურ ინტეგრაციას და სამართლებრივ გაძლიერებას, მათ თანამშრომლობას ადგილობრივ თვითმმართველობასთან, დევნილთა ჩართვას სამოქალაქო პროგრამებში და, შესაბამისად, მათ სამოქალაქო გააქტიურებას.
პროექტის ფარგლებში შერჩეული იქნა პრიორიტეტული მუნიციპალიტეტები (ქ. ზუგდიდი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ქ. ფოთი, ქ. ქუთაისი და ქ. გორი), რომელთა 2015 წლის ბიუჯეტის პროექტებიც, შესწავლილ იქნა ქსელის წარმომადგენლების მიერ. ძირითადი ყურადღება გამახვილებულ იქნა 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ პროგრამებსა და ქვეპროგრამებზე, რომლებიც იგეგმებოდა მუნიციპალიტეტების მიერ მათ ტერიტორიაზე მყოფი დევნილებისათვის. დაიგეგმა, რომ მომხდარიყო შემოსულობებისა და გადასახდელების გაანალიზება და მათ საფუძველზე დევნილთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად რეკომენდაციების შემუშავება; გარდა ამისა, დევნილი მოსახლეობისა და ადგილობრივი თემისთვის თანაბარი უფლებების გავრცელების დაფიქსირება ბიუჯეტის ყველა პრიორიტეტსა თუ პროგრამაზე.
მონიტორინგის პერიოდში გამოიკვეთა, რომ თითოეული მუნიციპალიტეტის მიერ 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი კანონით დადგენილ ვადებში იქნა წარდგენილი საკრებულოებში, თუმცა მათი საჯაროდ გამოქვეყნება რამდენიმე დღიანი დაგვიანებებით განხორციელდა და პროექტები თავად ადგილობრივი ქსელის წევრების მიერ იქნა მოპოვებული. გარდა ამისა, საჯაროდ არ გამოქვეყნებულა რეგლამენტი – თუ როდის იგეგმებოდა ბიუჯეტის პროექტის განხილვა საკრებულოს შესაბამის კომისიებში.
ბიუჯეტების მონიტორინგისა და ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ ჩვენს მიერ შერჩეული მუნიციპალიტეტების ძირითად პრიორიტეტებს 2015 წლისათვის წარმოადგენს:
- ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება;
- მოსახლეობის სოციალური და ჯანდაცვის სფერო და მისი გაუმჯობესება;
- საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშეწყობა;
- განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარება.




