Logo ISNC
en

სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მშვიდობიან ტრანსფორმაციაზე საერთაშორისო მხარდაჭერის გავლენის აღქმა: ხედვა თბილისიდან

გაეცანი ფაილს
სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მშვიდობიან ტრანსფორმაციაზე საერთაშორისო მხარდაჭერის გავლენის აღქმა: ხედვა თბილისიდან
10.08.2024

საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებში და მისი დაშლის შემდგომ მასში შემავალ სუბიექტებს მრავლი მძიმე პრობლემასთან მოუხდათ გამკლავება. სახელმწიფოებრიობის გამოცდილების არმქონე ქვეყნები, ბუნებრივია, ვერ პასუხობდნენ იმ გამოწვევებს, რომლებიც მათ წინაშე წარმოჩნდა. ამავე დროს არც საერთაშორისო საზოგადოებას გაუჩნდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე არსებული ქვეყნებთან ურთიერთობის რაიმე მკაფიო ხედვა. „ცენტრის“ დახმარებას მიცემული ახლად წარმოშობილი სახელმწიფოების დედაქალაქები დიდი ხნის მანძილზე პირველად დადგნენ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების და მის შედეგებთან გამკლავების წინაშე. საქართველოში, ისევე როგორც პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებში, არარსებულმა/სუსტმა პოლიტიკურმა ინსტიტუტებმა, განუვითარებელმა სამოქალაქო ცნობიერებამ, ეკონომიკურმა კრიზისმა და ა.შ. შექმნა სახელმწიფოებრიობის კრიზისი. ყოველივე ამას კიდევ უფრო გააღვივა მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებში არსებული ნაციონალისტური განწყობები და ხელი შეუწყო ქვეყნის ტერიტორიაზე ეთნიკური კონფლიქტების გაჩენასა და ესკალაციას.

 

დასავლურ სამყაროში ამ დროს „ისტორიის დასასრულსა“ და ლიბერალური იდეოლოგიის კომუნისტურ ზე გამარჯვებას აღნიშნავდნენ. ამავდროულად, მათი ყურადღება სხვა კონფლიქტებისკენ უფრო იყო მიმართული, ვიდრე ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მიმდინარე ეთნიკური დაპირისპირებებისკენ. თუმცა სწორედ ცივი ომის დამთავრების შემდეგ, 1992 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მიიღო გენერალური მდივნის მიერ შეთავაზებული დოკუმენტი „მშვიდობის ხელშეწყობის გეგმა: პრევენციული დიპლომატია, მშვიდობის კეთება და მშვიდობის შენარჩუნება“ (Agenda for Peace: Preventive diplomacy, peacemaking and peace-keeping), რომელმაც ცივი ომის შემდგომ სამყაროში თანამედროვე კონფლიქტებთან გამკლავების გზებს პოსტკონფლიქტური მშვიდობის მშენებლობის (post-conflict peacebuilding) ცნება დაამატა. ეს მიდგომა კი გულისხმობს იმ სტრუქტურების იდენტიფიკაციასა და მხარდაჭერას, რომელთაც შეუძლიათ მშვიდობის გაჯანსაღება და კონფლიქტის ხელახალი ესკალაციის თავიდან აცილება.

 

სწორედ ეს კონცეფცია დაედო საფუძვლად განვითარებული სამყაროს კონფლიქტების ტრანსფორმაციასა და მოგვარების თანამედროვე ძალისხმევას. მშვიდობის მშენებლობის ეს კონცეფცია, რომელსაც ხშირად „ლიბერალური მშვიდობის მშენებლობის“ სახელით მოიხსენიებენ, მისი თითქმის 25-წლიანი ისტორიის განმავლობაში ხშირად გამხდარა ანალიტიკოსებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლების კრიტიკის საგანი. მისი მოწინააღმდეგეები ხშირად მას „თანამედროვე კოლონიალიზმს“ უწოდებენ, მიიჩნევენ რა, რომ დასავლეთი კონფლიქტის მხარეებს საკუთარ მისთვის მისაღები და ნაცნობი მზა რეცეპტებით სთავაზობს პრობლემების მოგვარებას და მხარეები კი, რომლებიც ძირითადად „დიდი დასავლეთის“ ფინანსურ მხარდაჭერაზე არიან დამოკიდებულნი, თანხმდებიან ამგვარ პირობებს. სწორედ ამას აბრალებენ მშვიდობის მშენებლობის არსებული პრაქტიკის კრიტიკოსები თანამედროვე სამყაროში კონფლიქტების საბოლოოდ მოგვარების მაგალითების ნაკლებობას.

 

მშვიდობის მშენებლობის პროცესის არსებული პრაქტიკა კიდევ დიდხანს იქნება საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტების კამათის თემა. ამ საკითხზე მიმდინარე თეორიული მსჯელობის ფონზე განსაკუთრებით საინტერესოა გამოცდილება, რომელიც კონფლიქტებზე მომუშავე აქტორებს აქვთ ისეთ ქვეყნებში, რომლებშიც კონფლიქტები და მათი მოგვარების გზების ძიება სწორედ ამ მიდგომის განვითარებასა და პრაქტიკაში გატარებას დაემთხვა.