Logo ISNC
en

საქართველოში კონფლიქტების ტრანსფორმაციის სამოქმედო გეგმა

გაეცანი ფაილს
logo
21.11.2025

სამოქმედო გეგმა მომზადებულია „კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის – კავკასიური სახლის“, „ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტისა“ და „ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიერ ჩამოყალიბებული საექსპერტო ხედვის გათვალისწინებით, რომელიც ეხება ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების ტრანსფორმაციას. გარდა ამისა, იგი ეყრდნობა ამავე ორგანიზაციების დაკვეთით 2024 წელს „CRRC-საქართველოს“ მიერ ჩატარებული რაოდენობრივი კვლევის  ანალიზს, რომელიც მთლიანად კონფლიქტებისა და მშვიდობის თემატიკაზე იყო ფოკუსირებული. იგი ასევე ასახავს წლების განმავლობაში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სახელმწიფოს მიერ სამშვიდობო საკითხებზე მუშაობის პროცესზე დაკვირვებასა და ანალიზს. აღსანიშნავია, რომ ხსენებული საექსპერტო ხედვა და კვლევა ეხება კონფლიქტებისადმი ქართული საზოგადოების დამოკიდებულებასა და აღქმებს და, შესაბამისად, მოცემული სამოქმედო გეგმის ადრესატებიც, ძირითადად, ქართულ მხარეს არსებული აქტორებია. თუმცა, ზოგ შემთხვევაში, ქართულ მხარესთან ერთად რეკომენდაციების ადრესატები საერთაშორისო ორგანიზაციები და დონორებიც არიან.

ექსპერტული ხედვის მსგავსად, სამოქმედო გეგმის სრულფასოვანი რეალიზაცია არსებითად არის დამოკიდებული საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის წარმატებაზე. ასევე იმ სულისკვეთებაზე, რომ რუსეთის ფაქტორის ნეიტრალიზაციის შემთხვევაშიც კი, ეს კონფლიქტები თავისთავად არ მოგვარდება და აქ და ახლა საჭიროა მიდგომები, რომლებიც უნდა იყოს რეალისტური და არ უნდა ემყარებოდეს ისეთ მოლოდინებს, რომლებზეც გავლენის მოხდენა არც საქართველოს ხელისუფლებას, არც ქართულ საზოგადოებას და არც აფხაზ და ოს მოსახლეობას არ შეუძლიათ.