კონფლიქტები საქართველოში: მიმდინარე ეტაპის თავისებურებები და ამოცანები

ბოლო წლების განმავლობაში ბევრი ისეთი რამ მოხდა, რაც პირდაპირ ან ირიბ გავლენას ახდენს კონფლიქტებზე საქართველოში. კარდინალური ცვლილებები შეინიშნება, როგორც საერთაშორისო, ასევე ხშირად ჩვენი რეგიონის დონეზე. მიუხედავად საქართველოს სახელმწიფოებისთვის მათი ეგზისტენციური მნიშვნელობისა, მოვლენების სიღრმისეული განხილვა არ მოხდა არც ფართო საზოგადოებრივ, და არც ექსპერტულ დონეზე; ხოლო თემისადმი მიძღვნილი დისკუსიები, ხშირად შემთხვევაში, პოლიტიზირების მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა და არ ტოვებდა სივრცეს მიუკერძოებელი ანალიზისთვის.
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს „ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტისა“ და „კავკასიური სახლის“ ინიციატივით შექმნილ ექსპერტთა ჯგუფის ნამუშევარს, რომელიც აანალიზებს საერთაშორისო და ადგილობრივ კონტექსტს საქართველოს კონფლიქტებთან მიმართებაში კონკრეტული, ახალი, ქმედითი ინსტრუმენტების შემუშავების მიზნით.
დოკუმენტში გაწერილი მიდგომები ევროინტეგრაციის შემდგომი პროცესის კონტექსტშია დანახული და, შესაბამისად, ორიენტირებულია ყველა მოქალაქის უფლებების, სამოქალაქო თანასწორობის, უსაფრთხოების და საერთო ევროპულ სივრცეში ინტეგრირების შესაძლებლობების პირობების შექმნაზე, მათი სოციალური-ეკონომიკური და კულტურული განვითარების მიზნით.
დოკუმენტის ადრესატია როგორც საქართველოს მთავრობა, ისე ქართული სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო თანამეგობრობა. მოსალოდნელია, რომ ამ დოკუმენტისადმი ინტერესი გამოიჩენენ როგორც ექსპერტები, ისე ფართო საზოგადოება, მათ შორის კონფლიქტური რეგიონების მოსახლეობა და პოლიტიკური ელიტები.
დოკუმენტის დანიშნულება არამარტო შესაბამისი ადრესატებისთვის კონკრეტული რეკომენდაციების მიწოდებაა, არამედ ამ და კონფლიქტების მომავლის სხვა საკითხების მიმართ ახლებული მიდგომების თუ ნაკლებად ყურადღებამისაქციე საკითხების წინ წამოწევა და მათ ირგვლივ პროფესიული თუ საჯარო საზოგადოებრივი დისკუსიის ინიცირებაა.




