Logo ISNC
en

გამოსავლის ძიებაში: შესაძლებლობებიდან აუცილებლობამდე, დევნილთა პოლიტიკური და სოციალური მონაწილეობა საქართველოში

გაეცანი ფაილს
გამოსავლის ძიებაში: შესაძლებლობებიდან აუცილებლობამდე, დევნილთა პოლიტიკური და სოციალური მონაწილეობა საქართველოში
10.08.2024

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ქვეყნისათვის ყველაზე ტრავმატული აღმოჩნდა სეპარატიზმი და მისგან გამოწვეული კონფლიქტები. ამ კონფლიქტების შედეგად, ქვეყნის ტერიტორიის მეხუთედი საქართველოს ხელისუფლების კონტროლს გარეთ არის მოქცეული. აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან/ცხინვალის რეგიონიდან კი ასიათასობით მოქალაქე, ძირითადად ეთნიკური ქართველები, იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი გახდა. დევნილობის 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ამ ადამიანებმა ბევრი რამ გადაიტანეს – სიღარიბე, სტრესი, სტიგმა, დეპრივაცია. ახალგაზრდა და ქაოსით მოცულმა სახელმწიფომ, განსაკუთრებით პირველი ათწლეულის განმავლობაში, მათთვის ბევრი ვერაფერი გააკეთა. 

 

სტიგმა და ჰუმანიტარულ დახმარებაზე დამოკიდებულება დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. დევნილები დღეისათვის საგრძნობლად უფრო ინტეგრირებულები და დამოუკიდებლები არიან. სახელმწიფოც გაცილებით უფრო ეფექტურია და დევნილთა განსახლების მიმდინარე პროგრამით (მიუხედავად თავისი ხარვეზებისა), ამ მოქალაქეებისათვის ზრუნვა უფრო გრძელვადიანი და ღირსეული გახდა. მაგრამ სახელმწიფო, დევნილთათვის საკუთრების გადაცემის გარდა, დღესდღეობით ბევრს ვერაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დევნილი მოქალაქეები ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირებული, აქტიური მოქალაქეები იყვნენ. დემოკრატიულ სისტემაში კი საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ინტერესების დაცვისათვის აქტიურობა აუცილებელია და შეუცვლელია. 

 

ეს კვლევა მიზნად ისახავს, თავად დევნილთა თვალით დავინახოთ მათი სოციალური და პოლიტიკური მონაწილეობის საჭიროებები, შესაძლებლობები და პრობლემები, რათა ამის შედეგად უკეთ დაიგეგმოს მათი გადაწყვეტის გზები. ამ დროისათვის დევნილთა სოციალურ და პოლიტიკურ აქტივობაზე კვლევები და ანალიზი ნაკლებად არის ხელმისაწვდომი. ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ ეს ანგარიში გამოადგება როგორც სახელმწიფო სტრუქტურებსა და დონორ ორგანიზაციებს, ისე თავად დევნილთა თემს და მის აქტიურ ნაწილს, უკეთ დაინახონ შესაძლებლობები.