შესაძლებლობები საზღვრების გარეშე

ქალაქ ბოლნისის კერძო საშუალო სკოლა ,,დავითიანში“ პროექტი "შესაძლებლობები საზღვრების გარეშე" განხორციელდა. პროექტი რამდენიმე აქტივობას მოიცავდა და მასში აქტიურად მონაწილეობდა სასკოლო საზოგადოება, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები.
მოსწავლეებმა მშობლებისთვის ჩაატარეს მასტერკლასები ხელნაკეთი ნივთების შექმნის თაობაზე; მოეწყო ჩაის საღამო, სადაც არაფორმალურ გარემოში განხილულ იქნა სხვადასხვა ტრადიციებს შორის არსებული მსგავსებები და განსხვავებები, არსებული სტერეოტიპები და მათი დამსხვრევის გზები; რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით აფხაზეთის თემატიკაზე დაიდგა ფორუმ თეატრი ,,სიცოცხლე მისჯილები“ ; გაიმართა ფილმის ჩვენება და დისკუსია; ასევე, ჩატარდა მინი ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც გაიმართა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. მოსწავლეებმა შეასრულეს სხვადასხვა ეთნოსის ცეკვები და სიმღერები.
შეხვედრები გაიმართა პროექტ „განათლება შერიგებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში მასწავლებლები მონაწილეობდნენ ტრენინგების ციკლში, რომელთა განმავლობაშიც ინფორმაცია მიიღეს სამშვიდობო განათლებისა და კონფლიქტ-სენსიტიული მიდგომების თაობაზე. ამასთანავე, შეისწავლეს თუ როგორ შეიმუშაონ და განახორციელონ სამშვიდობო ინიციატივები. საბოლოო ეტაპზე მათ საშუალება ჰქონდათ შიდა დაფინანსებით თავად განეხორციელებინათ სკოლებში საკუთარი სამშვიდობო ინიციატივები.




