პროექტის „განათლება შერიგებისთვის“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

2023 წლის 26 ოქტომბერს ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის ორგანიზებით პროექტის „განათლება შერიგებისთვის“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
პროექტი საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს დაფინანსებით განხორციელდა და მასში ჩართული იყო სკოლები სამეგრელოდან, ქვემო ქართლიდან და შიდა ქართლიდან. პროექტი სხვა აქტივობებთან ერთად მოიცავდა ტრენინგების ციკლს, რომელთა ფარგლებშიც პროექტის მონაწილე მასწავლებლებმა მიიღეს ინფორმაცია სამშვიდობო განათლებისა და კონფლიქტ-სენსიტიური მიდგომების თაობაზე. ამასთანავე, მათ საშუალება ჰქონდათ სკოლებში თავად განეხორციელებინათ საკუთარი სამშვიდობო ინიციატივები.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოში ნიდერლანდების ელჩის მოადგილე მორის პაულუსენმა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა გიორგი გაბედავამ.
პროექტის შესახებ პრეზენტაცია ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე ნინო კალანდარიშვილმა და პროექტის მენეჯერმა ნინო კობახიძემ წარადგინეს. პროექტის მონაწილე მასწავლებლებმა კი დამსწრე საზოგადოებას საკუთარ სკოლებში განხორციელებული სამშვიდობო ინიციატივების შესახებ წარუდგინეს პრეზენტაციები.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ანალიტიკური დოკუმენტის - „განათლება მშვიდობისთვის - სამშვიდობო მიდგომების დანერგვის პერსპექტივები საქართველოში“ - პრეზენტაცია.
შეხვედრას ესწრებოდნენ უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლები, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები და სპეციალისტები.




