Logo ISNC
en

კვლევის ანგარიშისა და კონფლიქტების ტრანსფორმაციის სამოქმედო გეგმის წარდგენა

კვლევის ანგარიშისა და კონფლიქტების ტრანსფორმაციის სამოქმედო გეგმის წარდგენა
02.06.2025

18 თებერვალს “ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტმა” (ISNC), “კავკასიურ სახლთან” და ლევან მიქელაძის ფონდთან თანამშრომლობით, თბილისში, Radisson Blu Iveria Hotel-ში,  გამართა პრეზენტაცია და დისკუსია საქართველოში კონფლიქტების ტრანსფორმაციის საკითხზე.

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო საზოგადოებრივი აზრის კვლევა „კონფლიქტები საქართველოში: აღქმები, დამოკიდებულებები და მოლოდინები“, რომელიც CRRC საქართველომ ჩაატარა საქართველოს მასშტაბით 2000-ზე მეტი რესპონდენტის მონაწილეობით. 

კვლევამ გააანალიზა საზოგადოების დამოკიდებულებები არსებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით, აღქმა და მოლოდინები მომავლის მიმართ. 

პარალელურად წარმოდგენილი იყო კონფლიქტების ტრანსფორმაციის სამოქმედო გეგმა, რომელიც ეფუძნება “კონფლიქტების ტრანსფორმაციის ხედვის” დოკუმენტს და მოიცავს კონკრეტულ ნაბიჯებს საქართველოში მშვიდობისა და კონფლიქტების ტრანსფორმაციის მხარდასაჭერად.

დისკუსიაზე პრეზენტაციის სტუმრებმა იმსჯელეს კვლევის შედეგებზე და საქართველოში კონფლიქტების ტრანსფორმაციის მიმართულებით არსებული გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე. 

საზოგადოებრივი აზრის კვლევა და სამოქმედო გეგმა მომზადებულია პროექტის -„კონფლიქტების ტრანსფორმაცია საქართველოში: მზადება ცვლილებებისთვის“ - ფარგლებში. პროექტს, რომელსაც ახორციელებს ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი, „კავკასიური სახლთან“ და ლევან მიქელაძის სახელობის ფონდთან პარტნიორობით, ფინანსურ მხარდაჭერას უწევს გაერთიანებული სამეფოსა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივა (UK-SSP). 

პროექტი მიზნად ისახავს, ყოვლისმომცველი და სანდო კვლევის საფუძველზე დადგინდეს საზოგადოების დამოკიდებულება კონფლიქტებთან მიმართებით და განისაზღვროს კვლევის შედეგების ანალიზზე დაფუძნებული კონკრეტული ნაბიჯები კონფლიქტების მშვიდობიანი ტრანსფორმაციისთვის.