2014 წლის 25–27 ოქტომბერს თბილისში გაიმართა საქართველოს დევნილთა არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელ „სინერგიის“ წევრებისა და აზერბაიჯანის დევნილთა ქსელის პარტნიორული შეხვედრა.
შეხვედრა მიზნად ისახავდა ქსელის წევრების გამოცდილების გაზიარებას და სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვას.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ „სახელმწიფო ფინანსების მართვასა და საბიუჯეტო პროცესს საქართველოში“. მომხსენებლად მოწვეული იყო დავით ჭურაძე, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის უფროსი. აზერბაიჯანელი პარტნიორები დიდი ინტერესით გაეცნენ საბიუჯეტო პროცესის თავისებურებებს საქართველოში. მომხსენებლის მეშვეობით მონაწილეები ახლოს გაეცნენ საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივ ბიუჯეტებზე მონიტორინგის განხორციელების შესაძლო გზებს.
თავის მხრივ შეხვედრის აზერბაიჯანელმა მონაწილეებმა ქართველ პარტნიორებს გააცნეს აზერბაიჯანში ამ სფეროში არსებული მდგომარეობა.
შეხვედრაზე გაზიარებულ იქნა ქართველ და აზერბაიჯანელ მონაწილეთა გამოცდილებას ბეჭდური მედიის სფეროში. ქალბატონმა მანანა დარჯანიამ აზერბაიჯანელ პარტნიორებს წარუდგინა ქსელის გაზეთ „სინერგიის“ ბეჭდური და ონლაინ ვერსიები. ისაუბრა გაზეთის მომზადებაზე, თემატურ მიმართულებებზე, გავრცელების შესაძლებლობებზე.
ბეჭდურ მედიასთან დაკავშირებით ქართულ მხარეს თავიანთი გამოცდილებები გაუზიარეს აზერბაიჯანელმა პარტნიორებმა. ბატონმა ხაზიმ მაისიმოვმა მონაწილეებს წარუდგინა თავისი გაზეთი, რომელიც გამოდის ქალაქ კაზახში.
შეხვედრის ბოლო დღეს ქსელ „სინერგიის“ იურისტმა ირაკლი ბოკუჩავამ აზერბაიჯანელ კოლეგებს გააცნო დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესი საქართველოში. მან დეტალურად ისაუბრა განსახლების კრიტერიუმებსა და დევნილთა შესახებ კანონზე.
მოხსენების შემდგომ შეხვედრა გაგრძელდა კითხვა–პასუხის რეჟიმში. თავის მხრივ ქართველი მონაწილეები დაინტერესდნენ დევნილთა განსახლების პრაქტიკით აზერბაიჯანში. ბატონმა ავაზ ჰასანოვმა პრეზენტაციისას მონაწილეებს გააცნო ვებ–გვერდი, რომელიც ასახავდა აზერბაიჯანელ დევნილთა განსახლების თავისებურებებს.
შეხვედრა დასრულდა კონკრეტული სამომავლო გეგმით. ბატონმა ავაზ ჰასანოვმა ჰუმანიტარული კვლევების საზოგადოების (Society for Humanitarian Research) ხელმძღვანელმა და ნაციონალიზმისა და კონფლიქტების ინსტიტუტის (ISNC) ხელმძღვანელმა, ქსელ სინერგიის წევრმა ქალბატონმა ნინო კალანდარიშვილმა გამოთქვეს სურვილი, რომ ქსელების სამომავლო თანამშრომლობის პროცესი გაღრმავდეს და უფრო ინტენსიური ხასიათი მიიღოს, რადგან პარტნიორთა გამოცდილება და პრაქტიკა, საერთო თემატიკაზე იდეების გაცვლა, სამომავლო სამოქმედო გეგმების დასახვა ხელს უწყობს დევნილთა ქსელების უფრო მეტად გაძლიერებას და მათ არა მხოლოდ ცალკეულ ქვეყნებში, არამედ რეგიონში დამოუკიდებელ და ძლიერ აქტორად ჩამოყალიბებას.