დისკუსია თემაზე: „შოტლანდიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი და საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში“

შოტლანდიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმსა და აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებს შეეხებოდა დისკუსია, რომელიც გაიმართა 25 სექტემბერს კავკასიურ სახლში. დისკუსია ჩატარდა ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის (ISNC) ორგანიზებით.

დისკუსიაში მომხსენებლებად მოწვეულნი იყვნენ Conciliation Resources–ის პროგრამების დირექტორი ჯონათან კოჰენი, Conciliation Resources–ის კავკასიის პროექტების მენეჯერი მირა სოვაკარი და ანალიტიკოსი კლემ მაკკარტნი. შეხვედრის მიზანი იყო 2014წ. 18 სექტემბერს ჩატარებული შოტლანდიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმსა და აფხაზეთის 2014წ. 24 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული ინფორმაციისა და იდეების გაცვლა. დისკუსიის თემა ასევე შეეხებოდა მოახლოებულ ინაუგურაციას აფხაზეთში და პოლიტიკურ მდგომარეობას გალში.

შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი, მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

შეხვედრის დროს ყურადღება გამახვილდა რეფერენდუმამდელ სიტუაციაზე გაერთიანებულ სამეფოსა და შოტლანდიაში. მომხსენებლებმა დეტალურად ისაუბრეს რეფერენდუმის კამპანიაზე, რომელსაც წარმართავდნენ ერთის მხრივ შოტლანდიის დამოუკიდებლობის მომხრეები, მეორეს მხრივ კი მისი მოწინააღმდეგეები. სტუმრებმა ქართველ მსმენელებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომელი თემები დომინირებდა ძირითადად პოლიტიკურ დისკურსში. აღმოჩნდა, რომ სხვა საკითხებთან ერთად განსხვავებული პოზიციები არსებობდა ჯანდაცვისა და საგადასახადო სისტემასთან დაკავშირებით გაერთიანებულ სამეფოსა და შოტლანდიაში.

დისკუსიის მეორე ბლოკი შეეხო აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებსა და ამჟამინდელ სიტუაციას აფხაზეთში. მომხსენებლებმა ისაუბრეს აფხაზეთის პოლიტიკურ ლანდშაფტზე და განხორციელებულ სამთავრობო ცვლილებებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აფხაზეთის პოლიტიკურ ელიტაზე და მათ დამოკიდებულებაზე ერთის მხრივ საქართველოსთან, მეორეს მხრივ რუსეთის ფედერაციასთან.

ქართველი მსმენელისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო პასპორტიზაციისა და ორმაგი მოქალაქეობის საკითხი ქართველებისათვის აფხაზეთში, კერძოდ გალის რეგიონში.