ტრენინგი „საბიუჯეტო საკითხებზე"

  • ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის (ISNC) და დევნილთა არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელ „სინერგიას“ ორგანიზებით შაბათს, 20 სექტემბერს ქ. ქუთაისში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა ტრენინგი „სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმა და საბიუჯეტო პროცესი საქართველოში“. მომხსენებლად მოწვეული იყო დავით ჭურაძე, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის უფროსი.
    ტრენინგში ქსელის წევრებთან ერთად მონაწილეობას ღებულობდნენ დევნილი აქტივისტები ზუგდიდიდან, წყალტუბოდან და ქუთაისიდან.
    ტრენინგის ძირითადი თემა იყო სახელმწიფო საბიუჯეტო სისტემა და მისი სამართლებრივი საფუძვლები. ბატონი დავით ჭურაძე დეტალურად შეეხო საბიუჯეტო პროცესს და სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმას საქართველოში. მონაწილეები განსაკუთრებით ინტერაქტიულად ჩაებნენ საკითხების განხილვაში, რომელიც შეეხებოდა ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტს (BDD), თვითმმართველობის ბიუჯეტზე მუშაობის მიმდინარეობას და მის ანგარიშგებას, სახელმწიფო ბიუჯეტის აღრიცხვას, ანგარიშგებას, აუდიტსა და მონიტორინგს. ტრენერის დახმარებით მონაწილეები ახლოს გაეცნენ სახელმწიფო და ადგილობრივ ბიუჯეტზე მონიტორინგის განხორციელების შესაძლო გზებს და ჩამოუყალიბდათ მკაფიო ხედვები საფინანსო-საბიუჯეტო საკითხებთან დაკავშირებით.